მარტვილის „მერანს“ და „რუსთავს“ 6-6 ქულა დააკლდათ (ვიდეო)
16 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი იყო, რომელიც 8 სექტემბერს მარტვილის „მერანისა“ და „რუსთავის“ მონაწილეობით გაიმართა. უეფადან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „მერანი“ – „რუსთავის“ შეხვედრისას არაერთგზის განხორციელდა მატჩის შედეგზე მანიპულირება. აღნიშნული საკითხი სხვა, დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან ერთად, 15 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა.
უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადექვატურად.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა საკითხი და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
• 8 სექტემბერს, მარტვილის „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის გამართული თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა დამარცხება 0:3
• ორივე გუნდს დააკლდა 6-6 ქულა
• ორივე გუნდი დაჯარიმდა 10 000-10 000 ლარით.
ამასთან, სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური ამ ეტაპზე აწარმოებს შიდა გამოძიებას – ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილი საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი გააანალიზებს მატჩის ვიდეოჩანაწერს და ახალი გარემოებების აღმოჩენის ან კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, დამატებით შუამდგომლობას წარუდგენს სადისციპლინო კომიტეტს.
სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიებს აღნიშნულ საკითხს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე შუამდგომლობით მიმართავს ააიპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“, რათა გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ კლუბებს შეუჩერდეთ დაფინანსება.