გორში საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო კომპლექსი გაიხსნა
24 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან და გორის მერ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად, გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსი გახსნა.
გორის სარაგბო სტადიონი ფონდ „ქართუს” დაფინანსებით აშენდა და ჯამში სარაგბო კომპლექსის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში 5. 900.00 ლარი დაიხარჯა.
კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 2.500 მაყურებელს იტევს, ხელოვნურსაფარიანი კი 500 მაყურებელს.
სტადიონზე ფუნქციონირებს ტრენაჟორების დარბაზი, ასევე კეთილმოწყობილია გასახდელები, მსაჯთა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები. კომპლექსში დამონტაჟებულია ღამის განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემა.
სტადიონის გახსნით საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის – „დიდი 10″-ის გათამაშების მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა გორის „ჯიქსა” და „ბათუმს” შორის, რომელიც ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა – 18:5.
სარაგბო კომპლექსის მშენებლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”დაფინანასებით წლების მანძილზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ფონდ „ქართუს” მიერ უკვე განხორციელებული და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სარაგბო კომპლექსების მშენებლობის საერთო ღირებულება 80 მილიონს ლარს აღწევს.
დღეისათვის, გორთან ერთად, ახალი სარაგბო სტადიონები აშენებულია თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმში, მარტყოფსა და ასპინძაში, უახლოეს მომავალში სტადიონების მშენებლობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური