ტიაგო: “ატლეტიკოს” მსოფლიოს საუკეთესო დაცვა ჰყავს!”
ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. ოთხშაბათს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირება ესპანეთში.
მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ტიაგო ალკანტარამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელების მიზანი, როგორც ყველა მატჩში, ახლაც გამარჯვება იქნება.
“მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებას. “ატლეტიკო” შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვდა. ეს გუნდი ყოველ წელს პროგრესირებს და ახლაც არ იქნება მათთან თამაში იოლი.”
“ჩვენ ამ კლუბს ვიცნობთ შარშანდლიდან. მათ ნახევარფინალში დაგვამარცხეს. შესაბამისად, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ წინააღმდეგ ყველა ძლიერი მხარე უნდა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გამარჯვება კი არა, გოლის გატანაც კი ძალიან რთული იქნება, რადგან მადრიდელებს უძლიერესი დაცვა ჰყავთ. მათი დაცვის რგოლი ჯობს ჩვენსას, “ბარსელონასას”. ამ მხრივ “ატლეტიკო” მსოფლიოში საუკეთესოა! მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველ ღონეს ვიხმართ გამარჯვებისთვის!” – განაცხადა ალკანტარამ.