გია გეგუჩაძემ კანდიდატები შეკრიბა
საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა, შემადგენლობაც გადაახალისა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრიბა. გეგუჩაძემ ამჯერად ძირითადი აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებზე გააკეთა, გამონაკლისია მხოლოდ ორი ლეგიონერი – ლადო მოხევიშვილი და გიორგი ბერიძე, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოჰყვნენ გუნდს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი რომან ჭანტურია კი ავადმყოფობის გამო გამოაკლდა ნაკრებს.
ნაკრების კანდიდატები ვარჯიშების გარდა ხვალ ამხანაგურ მატჩშიც ეცდებიან, მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცონ – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეს შემადგენლობა უმაღლესლიგელ “ცხინვალს” გაეჯიბრება. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: ირაკლი კომახიძე (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა გადრანი (სამტრედია), ლუკა ნოზაძე (გურია), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ოთარ კობახიძე (სიონი), გიორგი ზარია (დინამო თბ), ალექსანდრე გამცემლიძე (დილა), ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი);
თავდამსხმელები: ლუკა იმნაძე (გურია), ენვერ ლილუაშვილი (დინამო თბ).