ჯანი ინფანტინო: “ფიფასთვის სახელწოდების შეცვლა გვინდოდა”
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
“ფიფა უფრო გამჭირვალე ორგანიზაციად ვაქციეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს. კოლეგებთან ერთად ისტორიის ახალ გვერდზე გადავედით. ჩვენ სრულიად განსხვავებულად ვმუშაობთ. ორგანიზაციაში ახალი ადამიანები მოვიდნენ, რომელთაც ახალი ფუნქციები დაეკისრათ. ახლა ფიფა უფრო გამჭირვალედ მუშაობს და ასე იქნება მომავალშიც”, – ფიფას პრეზიდენტის სიტყვებს CNN ციტირებს.
ჯანი ინფანტინომ ფიფაში განუხორციელებელ იდეებზეც გააკეთა კომენტარი.
“რასაც ახლა ვიტყვი, ყველასთვის ახალი ამბავი იქნება: ფიფას ახალი იმიჯის შექმნის პროცესში გვინდოდა, რომ ძველი აბრევიატურა ახლით შეგვეცვალა. გარდა ამისა, ფიფას შტაბ-ბინის ადგილმდებარეობის შეცვლა გვსურდა, თუმცა ეს იდეები იდეებად დარჩა. მსოფლიო საზოგადოება ამ ორგანიზაციას ფიფას სახელით იცნობს და ახალი სახელწოდების შემოღება დაბნეულობას გამოიწვევდა”, – აღნიშნა ინფანტინომ.