რონალდუ 15 წლის ასაკში შესაძლოა, “არსენალში” აღმოჩენილიყო
ლონდონის “არსენალს” ყოფილმა სკაუტმა დემიენ კომოლიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ 15 წლის ასაკში შესაძლოა, სწორედ “მეთოფეთა” რიგებში აღმოჩენილიყო.
“კრიშტიანუ პირველად 15 წლის ასაკში ვნახე, როდესაც იგი საფრანგეთში გამართულ ტურნირზე იღებდა მონაწილეობას. მატჩის შესვენებისას პორტუგალიაში დავრეკე და მის შესახებ ვიკითხე: “ეს ოხერი ვინაა?” ასეთი თამაში მხოლოდ ტიერი ანრისგან მინახავს.
რონალდუ “არსენალის” საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ მოვიდა. იგი ანრის შეხვდა, რომელიც მისი კერპი გახლდათ. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან კლუბს თანხა არ ეყო”, – ციტირებს კომოლის სიტყვებს “ევროსპორტი”.
2003 წლის ზაფხულში ლისაბონის “სპორტინგსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (3:1) კრიშტიანუ რონალდუმ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიპყრო. მალევე “წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 12,24 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” აღმოჩნდა.