აზერბაიჯანში რონალდინიოს აკადემია იხსნება
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ბაქოშია. მან აზერბაიჯანში საკუთარი აკადემიის გახსნა გადაწყვიტა. ბრაზილიელს ანალოგიური აკადემიები მშობლიურ გრემიოსა და დუბაიში აქვს გახსნილი. ცენტრში იფუნქციონირებს როგორც ფასიანი, ასევე უფასო წრეები.
“აზერბაიჯანზე ბევრი რამ გამიგია. ვიცი, რომ აქ ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობს. აკადემიის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ჩვენი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში ბევრი წარმატებული მოთამაშის კარიერა დაიწყოს.
შეიძლება თუ არა, რომ აზერბაიოჯანში ვითამაშო? არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. ბაქოში გუშინ ჩამოვედი, ჯერ ქალაქიც არ დამითვალიერებია. ადგილობრივ რესტორანში ვიყავი, აზერბაიჯანული კერძები დავაგემოვნე. ძალიან მომეწონა. აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს ვურჩევ რომ მეტი იშრომონ. ივარჯიშონ არამხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ თავისუფალ დროსაც. წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობაა საჭირო. თუ სურთ მაღალ დონეზე თამაში, ვარჯიშებზე ყველაზე ადრე უნდა მოვიდნენ და ყველაზე გვიან წავიდნენ”, – აღნიშნა რონალდინიომ.
პროექტი საფეხბურთო კლუბ “გაბალას” მხარდაჭერით ხორციელდება.