დონარუმა: “შესაძლოა, ათ წელში “მილანის” კაპიტანი ვიყო”
“მილანის” ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ათ წელში ის “როსონერის” კაპიტნად მოგვევლინოს.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის მეკარე “შავ-წითელთა” პირველ გუნდში მეორე სეზონს ატარებს. დონარუმა იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შეძენა ტურინის “იუვენტუსს” სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მას “მილანში” დარჩენა და კლუბთან კონტრაქტის გახანგძლივების სურვილი აქვს.
“ჩემი აგენტი, მინო რაიოლა კონტრაქტის დეტალებზე ფიქრობს. მიმაჩნია, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. მე იმ გუნდში ვთამაშობ, რომელიც მიყვარს და რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.
როგორი წარმომიდგენია ჩემი თავი 38 წლის ასაკში? იმედი მაქვს, ისევ კარებში ვიდგები. შესაძლოა, ათ წელიწადში “მილანის” კაპიტანიც ვიყო. ამ ეტაპზე, გუნდი ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც კაპიტნობას იმსახურებენ, ხოლო მომავალში არ არის გამორიცხული, ეს პატივი მე მერგოს”, – უთხრა დონარუმამ La Stampa-ს.