ედი ჰაუ: “პოჩეტინო ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის”
“ბორნმუთის” მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ თავისი გუნდის მომდევნო მეტოქეზე, “ტოტენჰემზე” საუბრისას ყურადღება “მამლების” დამრიგებელზე, მაურისიო პოჩეტინოზე გაამახვილა, რომელმაც ბოლო წლებში გაწეული სამსახურით ბევრი საფეხბურთო ექსპერტის სიმპათია დაიმსახურა.
“გახსნილი მატჩიდან “ტოტენჰემს” არც გოლი გაუშვია და არც წაუგია ჩემპიონატის ახალ სეზონში, ასე რომ ისინი უდაოდ კარგ ფორმაში არიან.
ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის, “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტისთან” ერთად უძლიერესი გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მოგვიწია თამაში. გასულ სეზონში “სპურსთან” ორი ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ, რამაც რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება მოგვცა.
მომდევნო მატჩი ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. ბრწყინვალე სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ვფიქრობ, პოჩეტინო საუკეთესო მწვრთნელთა შორის დგას.
მათ მსგავსად, ჩვენც სწორ გზას ვადგავართ. უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ასეთ მატჩებში და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღებად.”