ლოკატელი: “ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე”
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და შეხვედრის 65-ე წუთზე მანუელ ლოკატელის მიერ გატანილი თვალსასეირო გოლის წყალობით მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის გამტანი ემოციებს ვერ მალავდა.
“ბოლომდე ჯერაც ვერ გამიგია, თუ რა გავაკეთე. გოლი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს გავუტანე და ახლა ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით. ამ გოლს ჩემს ოჯახს ვუძღვნი. ჩემი ბიძაშვილები ადრე “იუვენტუსს” ქომაგობდნენ, მაგრამ ახლა მხარს, რა თქმა უნდა, ჩემს კლუბს უჭერენ.
რა არის ჩემი საიდუმლო? არ ვიცი, უბრალოდ ბედნიერი ვარ. ასე გაგრძელება მმართებს, მაგრამ თავი არ უნდა დავკარგო. ამ გოლს სილვიო ბერლუსკონისაც ვუძღვნი. სწორედ მისი სურვილი იყო პირველ გუნდში ჩემი ხილვა. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს გოლს ვიდეოჩანაწერში”, – ციტირებს ლოკატელის სიტყვებს Football Italia.