“ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
ანტონიო კონტეს გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა: მარკოს ალონსოს დიაგონალის შემდეგ დეილი ბლინდსა და კრის სმოლინგს პედრო გამოეპარათ, ესპანელმა შემტევმა წინ გამოსულ დავიდ დე ხეასაც აუარა გვერდი და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა — 1:0. პირველი ტაიმის შუაწელს კუთხურის შესრულების შემდეგ “წითელი ეშმაკების” საჯარიმოში შექმნილი არეულობით გარი კეჰილმა იხეირა და “ჩელსის” უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
62-ე წუთზე ედენ აზარმა ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა გოლით და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. რვა წუთის შემდეგ ნგოლო კანტემ სმოლინგი ადვილად მოატუა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა და მეოთხე ბურთი გაიტანა. ჟოზე მოურინიოს ყოფილი გუნდისგან 0:4 განადგურდა.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ჩელსის” 19 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, “მანჩესტერ იუნაიტედი” 14 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
ინგლისის პრემიერლიგა
IX ტური
“ჩელსი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 (2:0)
გოლები: პედრო 1′, კეჰილი 21′, აზარი 62′, კანტე 70′.
გაფრთხილებები: პედრო 1′, დავიდ ლუისი 41′, მარკოს ალონსო 66′ — ბაი 66′, პოგბა 75′.