ექსპერტი: “იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის თავდამსხმელი აღარ არის”
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად ფეხბურთის ექსპერტად მომუშავე პოლ მერსონმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა რიგებში არ შეიძლება ჩაითვალოს.
“იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფორვარდი იყო, მაგრამ ახლა ამ სიმაღლეზე ვეღარ დგას. იგი უკვე 35 წლისაა და მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშობს. ჩემპიონატი გრძელდება, ზლატანს კი პროგრესს ვერ ვამჩნევ.
მან “ბარნლის” წინააღმდეგ გასამართ დამდეგ მატჩში შანსი უნდა გამოიყენოს და გოლი გაიტანოს”, – ციტირებს მერსონის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, მომდევნო ხუთი მატჩი კი გოლის გარეშე ჩაამთავრა. შესაბამისად, შვედმა ფორვარდმა ეროვნულ ჩემპიონატში 2006 წლის შემდეგ ყველაზე გრძელი უგოლო სერია მოიწყო. იბრაჰიმოვიჩს პრემიერლიგაში გოლი 498 წუთის განმავლობაში არ გაუტანია.