“ფეხბურთის ღმერთი” — 56
დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 56 წელი შეუსრულდა.
მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.
“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.
დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.
თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…
პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში მარადონას მიერ გატანილ გოლს შემოგთავაზებთ, რომელიც საუკუნის გოლად შერაცხეს.