“ინტერში” დე ბურის შესაძლო შემცვლელად ოთხ კანდიდატურას განიხილავენ
ორშაბათს მილანის “ინტერის” მმართველ პირებსა და კლუბის ჩინური მფლობელის, კომპანია Suning-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მხარეებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბურის შესაძლო გათავისუფლება განიხილეს.
წყაროს ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა ოთხ კანდიდატურას განიხილავს: სტეფანო პიოლი, ფრანჩესკო გვიდოლინი, ლეონარდო და ლორან ბლანი. “სქაის” თანახმად, მათ შორის ფავორიტად პიოლი სახელდება, რომელიც ბოლოს რომის “ლაციოს” ედგა სათავეში.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერს” მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც, არგენტინელმა სპეციალისტმა “ნერაძური” 2018 წელს უნდა ჩაიბაროს. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში დე ბურის გათავისუფლების შემთხვევაში, კლუბი ახალ მწვრთნელს მოკლევადიან კონტრაქტს გაუფორმებს.