ბართომეუ: “მესის შესაძლებლობებისთვის საზღვარი არ არსებობს”
კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლის სტატუსს ინარჩუნებს და რომ გუნდი მის შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეძლებს.
“ამჟამად მესის კლუბთან კონტრაქტი რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებს (2018), რაც ძალიან გვახარებს. ბედნიერები ვართ. ამ დროისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა.
არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეცდებით მის დარწმუნებას იმაში, რომ ეს მისთვის საუკეთესო ადგილია. ჩვენ მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეში წამოვიწყებთ.
მესი მხოლოდ 29 წლის არის, მაგრამ თუ მის თამაშებს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მას ასაკი არ ეტყობა. მან ფეხბურთში ცვლილებები განახორციელა. ფაქტია, რომ მისთვის საზღვრები არ არსებობს.” – განაცხადა მან.