ქუთაისის “ტოპრედომ” თბილისის “დინამო” დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა!
დღეს დავით ყიფიანის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა თავიდან მათ არაფერი გამოსდიოდათ.
პირველი გამორჩეულ მომენტს მე-11 წუთზე ჰქონდა ადგილი, როცა “დინამოელთა” კარის მისადგომებთან “ტოპრედოს” მოთამაშე წააქციეს. გრიგოლ დოლიძემ საჯარიმოს ხაზიდან შეასრულა სტანდარტი, მან ცოცხალ კედელს ბურთი გადააცილა, თუმცა გატანა მაინც ვერ შესძლო – ბურთმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ჩაუარა კარს.
მე-17 წუთზე დვალიშვილი შევიდა “ტოპედოს” საჯარიმოში, ბურთი კარის გასწვრივ შეაგდო, იგი ჭანტურიშვილს მიუვიდა, თუმცა კარიდან 3 მეტრში მდგომმა ფეხბურთელმა დარტყმა დააგვიანა.
“ვერ გაიტან, გაგიტანენ” – ზუტსად ორ წუთში სტუმართა მარჯვენა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ შორეული, ძლიერი დარტყმით “დინამოს” კარი აიღო და ანგარიში გახსნა.
“დინამო” ბევრს ცდილობდა, თუმცა განსაკუთრებულის ვერაფრის შექმნას ახერხებდა.
30-ე წუთზე “დინამომ” სტანდარტული გაათამაშა, კომბინაცია კარგად ვერ დასრულდა და “ტორპედოს” საჯარმოში არეულობა შეიქმნა, საბოლოოდ ბურთი ჯაბა ჯიღაურს – კარიდან ზურგით მდგომს – მიუვიდა, მან ბურთი მკერდზე მიიღო და ძალიან ლამაზი “მაკრატელა” დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
სულ მალე ჭანტურიშვილი შეიჭრა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან და დვალიშვილს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა.
41-ე წუთზე კიტეიშვილს ჰქონდა მომენტი – მას ბურთი ჭანტურიშვილმა დაუგდო, მე-13 ნომერმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა კვასხვაძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა დარტყმული.
პირველი ტაიმი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა საშინელი შეცდომა დაუშვა – მან მკერდით დაუგდო მაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთი მეკარეს, თუმცა ეს პასი ნამდვილად არ იყო ლოგიკური. რევიშვილზე ახლოს ბურთთან ქიმაძე იმყოფებოდა, რომელმაც “დინამოს” კაპიტნის შეცდომა გამოიყენა და “ტორპედო” წინ გაიყავანა.
62-ე წუთზე ჯიღაურს საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, მან დაბალი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ზუსტად ერთ წუთში თბილსელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და ზედიზედ მესამედ გაიყვანა “ტორპედო” წინ.
მე-80 წუთზე შელაპარაკების გამო ლადო დვალიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
მეტი განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. საბოლოოდ, შეხვედრა “ტოპრედომ”, ანგარშით, 3-2 მოიგო და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
შემადგენლობები
თბილისის “დინამო”: რევიშვილი, ლოჩოშვილი (მიქელთაძე 56 წთ.), ამისულაშვილი (C), ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია 59 წთ.), ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი.
მთავარი მწვრთელი: ვიაჩესლავ გროზნი.
ქუთაისის “ტოპრედო”: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 62 წთ.), კაპანაძე (ნერგაძე 89 წთ.), დოლიძე (ბენაშვილი 86-ე წთ.), ტუღუში.
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
გოლები: ჯიღაური (30, 62 წთ.-ები). ტაბატაძე (19 წთ), ქიმაძე (46 წთ), დოლიძე (63 წთ).
გაფრთხილებები: კიტეიშვილი (74 წთ.), ქიმაძე (75 წთ.), ტაბატაძე (83 წთ.), ჭანტურიშივილი (83 წთ.).
გაძევება: ლადო დვალიშვილი (80 წთ.)