ფერნანდინიომ მესისთან შელაპარაკების ფაქტი კატეგორიულად უარყო
“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ფერნანდინიო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მას “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ლეო მესისთან შელაპარაკება მოუვიდა.
პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სამშაბათს გამართული მატჩის შემდეგ (“სიტი” 3-1 “ბარსელონა”), გასახდელისკენ მიმავალ მესის მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურტელთან მოუვიდა შელაპარაკება. მესიმ ამ უკანასკნელს გიჟი უწოდა (“Imbecile”).
“ძალიან კარგად ვიცი, საიდან მოდის ასეთი ტიპის ჭორები და ვინ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს მტკნარი სიცრუეა, რადგანაც მატჩის შემდეგ მე “ბარსელონას” არცერთ წარმომადგენელთან არ მქონია რაიმე სახის კონტაქტი.
ინტრიგების ხლართვა და ვინმეს პროვოკაციაზე წამოგება ჩემი სტილი არ არის, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთაც.” – განაცხადა ფერნანდინიომ.