ხვალ “ბაიერნი” გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ფორმით ითამაშებს
გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ შინ გასამართ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული მაისურებით ითამაშებენ.
დღეს ბავარიული კლუბის ტექნიკურმა სპონსორმა adidas-მა წარადგინა ფორმა, რომელიც მალდივის კუნძულების სანაპიროებზე შეგროვებული პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადდა.
ფორმა იმითაც გამოირჩევა, რომ ის წითელი ფერის ორ ტონშია გადაწყვეტილი, რაც სიმბოლურად სისუფთავის გამოხატულებაა. საყელოზე გაკეთებულია წარწერა “For the oceans” (“ოკეანეებისთვის”).
დღევანდელ პრეზენტაციაზე გუნდის ნახევარმცველი ჩაბი ალონსო წარსდგა.
“მე ესპანეთის სანაპიროებზე გავიზარდე, ამიტომ გახარებული ვარ, რომ ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას ჩავიცვამ. ეს კარგი შესაძლებლობაა იმის წარმოსაჩენად, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ოკეანის დაცვა”, – აღნიშნა ჩაბი ალონსომ პრეზენტაციაზე.
adidas-ის ონლაინმაღაზიაში ფორმის შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 90 ევროს შეადგენს.
აღნიშნული აქცია არამხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ ოკეანეების ნარჩენებისგან გაწმენდის კონკრეტულ სტრატეგიას ემსახურება. კომპანია ოკეანიდან ამოღებული ნარჩენებისგან მილიონი წყვილი ფეხსაცმლის დამზადებასაც აპირებს.
აქციას მადრიდის “რეალიც” შეუერთდა. “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები რეციკლირებული ნარჩენებისგან დამზადებულ ფორმას 26 ნოემბერს, “ხიხონის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოირგებენ.