ორი შემტევის ამბავი: როგორ შეიცვალა ყველაფერი ლონდონურ კლუბებში
კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე სტარტს ინგლისური პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება აიღებს, რომელსაც ლონდონური კლუბები განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან…
ჩრდილოლონდონური დერბი უკვე კარს მოგვადგა, თუმცა მაურისიო პოჩეტინო კვლავ ვერ ახერხებს გუნდის შეტევით ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებას მაშინ, როდესაც არსენ ვენგერის ბანაკში ახლაც ზეიმობენ მესუტ იოზილის გოლით მოგებულ მატჩს (“ლუდოგორეცთან”). არადა, სეზონის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.
კვირას, “ემირეიტს სტედიუმზე” შეკრებილი გულშემატკივარი შეტევითი ფეხბურთისადმი ორი განსხვავებული დამოკიდებულების მქონე გუნდის დაპირისპირებას იხილავს. ბუნებრივია, ორივე სახის ფილოსოფიას გააჩნია ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
ფორმაში მყოფი “არსენალი” თავისი თამაშით სიამოვნებას იღებს და ეს მასტიმულირებელიც არის ხოლმე, პოჩეტინოს ბიჭები კი ფორმაში ყოფნისასაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ თამაში მათ ძალიან ღლით. ხოლო მაშინ, როდესაც არსენის გუნდი ცუდ ფორმაშია, მათი შეტევა საკმარისად მახვილი ვერ არის, მეტოქის დაცვა რომ გაჭრას, ასე რომ ისინი დროის უმეტეს ნაწილს საჯარიმოს გარშემო ბურთის გორებაში ატარებენ. ცუდ ფორმაში მყოფი “სპურსის” მთავარ პრობლემას კი ფანტაზიისა და ინდივიდუალიზმის ნაკლებობა წარმოადგენს.
“ტოტენჰემის” მოუგებელი სერია უკვე ექვს მატჩს ითვლის, ასე რომ პოჩეტინომ რაიმე სხვა მეთოდს უნდა მიმართოს, თორემ ასეთი წყობით ისინი “არსენალთან” სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევენ.
ძალზედ საკვირველია, თუ რაოდენ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი “მამლებისათვის” – დაახლოებით ერთი თვის წინ, მათ თვით “მანჩესტერ სიტისთვისაც” შეეძლოთ სასურველი რაოდენობის გოლების გატანა, ახლა კი უკვე 6 მატჩია, გამარჯვების გემო არ გაუსინჯავთ. ამასთანავე, ბოლო 6 მატჩში ლონდონელებმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხეს საერთო ჯამში.
მართალია, რამდენჯერმე მათ იღბალმაც უმტყუვნათ და ძელსა და ხარიხასაც მოხვდა ბურთი, მაგრამ ამით ისინი თავს მაინც არ უნდა იმართლებდნენ. რთულია ეს პრობლემები ერთ დიდ სისუსტეში არ გააერთიანო
ფორმაში მყოფი “ტოტენჰემი”, რომელიც პრესინგს ბრწყინვალედ ასრულებს, ძლიერია ბურთთან ერთად და საკმაოდ კომბინაციებსაც ათამაშებს, ყველაზე კარგად “უოტფორდის” ყოფილმა თავკაცმა, კიკე სანჩეს ფლორესმა აღწერა, რომელმაც მათ “ცხოველებიც” უწოდა და აღნიშნა, რომ მათი დამარცხება უბრალოდ “შეუძლებელი” იყო: “ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბევრი ვივარჯიშეთ, ვეცადეთ ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა … მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, შეუძლებელი.”
გასულ სეზონში “ტოტენჰემი” თამაშების ერთბურთიანი სხვაობით მოგებას დაეჩვია, მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ყველა მატჩში ჰქონდათ 2-3 რეალური შანსი გოლის გატანისა, თუნდაც ეს გახსნილი თამაში არ ყოფილიყო.
ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს ხშირად ლონდონელთა ინგლისელი ლიდერი, ჰარი კეინი თამაშობდა, რომელიც ენერგიულობასა და ენთუზიაზმის მაღალ დონესთან ერთად უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო ინტელექტითაც არის დაჯილდოებული. ის უეცრად გამოჩნდება არსაიდან და ყველაფერს ერთ წამში მოუღებს ბოლოს.
კეინის გარეშე “ტოტენჰემი” უფრო არეულია, ბურთს უფრო ცუდად ათამაშებს. იყო დრო, როდესაც “ტოტენჰემის” ლიდერობა სონ ჰოინ-მინმა იტვირთა, თუმცა პოჩეტინოს გუნდს ბოლოს მაინც დაეტყო კეინის არყოფნა. სონის, დელე ალისა და ლამელას ინდივიდუალიზმი საკმარისი არასდროს იქნება – მეტია საჭირო, კეინის გარეშე კი სისტემა შესაცვლელი ხდება.
სისტემა უნდა შეცვლილიყო, თუმცა არ შეცვლილა. პოჩეტინო იმ იმედით იყო, რომ იანსენი კეინის ჩანაცვლებას მოახერხებდა, თუმცა ეს არც მომხდარა და სავარაუდოდ არც მოხდება.
ჰოლანდიიდან გადმობარგებული იანსენი ლონდონელთა ოლივიე ჟირუს წარმოადგენს, ოღონდ უფრ ძველ ვერსიას. შესაძლოა, ასეთი შედარება ფრანგისთვის შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდეს – მართალია, ის “არსენალის” მთავარი ფორვარდი არ არის, მაგრამ მისი შესაძლებლობები, რომლებიც “სანდერლენდთან” მატჩში ვიხილეთ, მსოფლიოს მიერ არის აღიარებული. მისი სახით ვენგერს გენიალური, ალტერნატიული ვარიანტი აქვს თამაშის შეცვლისა. იანსენის შემთხვევაში კი იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
და თუ ვენგერი ჟირუს გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ ის უკვე ნაცად ფორმულას უბრუნდება, რომელიც ალექსის სანჩესის ცენტრში გადაყვანას ითვალისწინებს. წარსულში ეს ფორმულა არ მოქმედებდა, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა – ალექსისი უფრო და უფრო მიეჩვია ცენტრში თამაშს და მალე შესაძლოა, პოზიციაც შეიცვალოს.
როგორც უკვე დავამტკიცეთ, ამ სეზონში ყველაფერი ელვისებური სისწრაფით იცვლება – სანჩესისა და ჰარი კეინის სიჩქარეზე უფრო სწრაფადაც, ასე რომ ჩრდილოლონდონურ დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.