იკარდი იტალიელებს ემხრობა
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე მაჩანჩალა “კროტონე” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა “ნერაძურის” კაპიტანმა მაურო იკარდიმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“ეს გამარჯვება მილანურ დერბიმდე ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს.
მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რასაც გოლების გატანა ჰქვია, გაიტანა პერიშიჩმაც. ყველას კარგად ესმის, რა სიტუაციაშიც ვართ. რთულ გზას გავდივართ, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა, კარგად ვითამაშეთ და შეხვედრა მეტოქის ნახევარზე გავატარეთ.
უკეთესი იქნება, თუ “ინტერს” იტალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს, ვინაიდან მისთვის უკვე ნაცნობი იქნება სერია A. შობა მოახლოვდა, ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.
ჩვენს მიზანს კვლავ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა წარმოადგენს. ვნახოთ, რა პოზიციაზე ვიქნებით მაისში”, – იკარდის სიტყვებს Football Italia ციტირებს.