ვლადიმირ ვაისი: “სავარაუდოდ, ანანიძე მოლდოვასთან მატჩში ვერ დაგვეხმარება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ჟურნალისტებს მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ესაუბრა.
“ჩვენ ველით კარგ თამაშს. გვსურს, საკუთარ სტადიონზე პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ, და კვლავაც ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. მართალია, ჩვენ ბოლო შეხვედრები არ მოგვიგია, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით, კარგად გამოვიყურებოდით.ეს განსაკუთრებით უელსთან შეხვედრის მეორე ტაიმს ეხება, თუმცა, ავსტრიასაც და ირლანდიასაც კარგად ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, ჯერ გამარჯვება არ მოგვიპოვებია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრაში გავიმარჯვებთ.ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან იოლი თამაშები დღესდღეობით აღარ არსებობს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ჯგუფში კიდევ ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ვიბრძვით ჯგუფიდან გასვლისთვის, სანამ კიდევ არის ამის იმედი. აღსანიშნავია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვხედავთ გუნდის პროგრესს.
-ანანიძეს კუნთის ტრავმა აქვს. ის ამჟამად ჩვენს ექიმებთან მკურნალობს, თუმცა, მოლდოვასთან თამაშში ის ჩვენ სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება. მე პატივს ვცემ ჩვენს მომავალ მეტოქეს. მას წინ უძღვება კარგი მწვრთნელი, რომელიც თვითონაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. ახლანდელ ნაკრებშიც რამდენიმე გამოცდილი და ხარისხიანი მოთამაშეა, როგორც ეპურიანუ, გაცკანი და ბუგაიოვი, რომელსაც მე ყაზახეთის ჩემპიონატიდან კარგად ვიცნობ. ჩვენ ვაკვირდებით ამ გუნდის თამაშს, მის ძლიერ და სუსტ წერტილებს. შემდგომ კი, უკვე მატჩის დროს გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში სწორად და ყურადღებით თამაშს, რაც ჩვენ დადებითი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს” – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
GFF.GE