U19 ოთხთა ტურნირი: საქართველო ესპანეთთან დამარცხდა
დღეს საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19 წლამდე ნაკრებებს შორის სტარტი აიღო საერთაშორისო ოთხთა ტურნირმა, რომელიც 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად მოიაზრება.
დღის პირველი შეხვედრა ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე მატშჩი ქართველი 19-წლამდელები ესპანელ თანატოლებს გაეჯიბრნენ და ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. “ფურია როხა” შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდა, გოლი კარლეს ალენიამ გაიტანა. ესპანელები ორთაბრძოლებში უკეთ გამოიყურებოდნენ, გაცილებით ინტენსიურ ფეხბურთს უჩვენებდნენ და სწრაფად მოქმედებდნენ. 29-ე წუთზე სხვაობა ორბურთიანი გახდა: გოლი ამჯერად ხორდი მბოულამ გაიტანა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მბოულამ ლამაზი კომბინაცია გატანილი გოლით დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა. საპასუხო შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი არაბიძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:3.
საერთაშორისო ოთხთა ტურნირი
“მიხეილ მესხი’, თბილისი
U19 საქართველო – U19 ესპანეთი 0:3
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, კუცია (ვარძელაშვილი), კობოური, ფოჩხუა (ქოჩორაშცილი), არაბიძე (არველაძე), ხუბაშვილი, კვანტალიანი (ჩოგაძე), ხარაბაძე (ბულუხაძე), ჩაკვეტაძე (სამურკასოვი), ქავთარაძე (საღრიშვილი).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.
ესპანეთი: ფერნანდეს ლორენტე, ბუნიუელი (კუკუ), მარტინი, ალენია (პეინადო), მბოულა (გუტიერეს ნსანგი), ფრან ნავარო (დანი გომესი), ოსკარი (მანუელ გარსია), ზალაია ხალარდონი, პოცო (დიასი), ავილა გორდონი, ხენარო (პეპელუ).
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
გოლები: ალენია, მბოულა (2).
გაფრთხილება: კუცია, არველაძე – ხენარო.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა დაბანოვიჩი (მოინტენეგრო).