5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა
12 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” მოლდოვას დაუპირისპირდება. “ჯვაროსნებს” სამ გამართულ შეხვედრაში ორი წაგება და ერთი ფრე დაუგროვდათ, ვაისის შეგირდები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ზუსტად ორ დღეში შეეცდებიან.
D ჯგუფში, ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით ბოლო ადგილს, 0 ქულით მოლდოვა იკავებს, ბოლოსწინას კი საქართველო. ფაქტია, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისაგან გამარჯვებას ელის. შევეცდებით, შემოგთავაზოთ ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ მოლდოვა.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ძალიან სჭირდება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. ჩვენი გუნდი ჯერ ავსტრიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან დამარცხდა, ხოლო მესამე შეხვედრაში უელსს დაუზავდა. იმისათვის, რომ მუნდიალზე მოხვედრის შანსი დავიტოვოთ, ჩვენთვის სამი ქულის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში ერთ წელზე მეტია არ გაუმარჯვია. ბოლოს, 2015 წლის 8 ოქტომბერს გიბრალტარი დავამარცხეთ.
მწვრთნელის ფაქტორი
ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გამარჯვება (ესპანეთის ნაკრებთან) მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გუნდი ოთხჯერ დამარცხდა, ყველა გრძნობს, რომ ნაკრებში რაღაც შეიცვალა. აშკარაა, რომ მას ფეხბურთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. იყო ერთი ინციდენტი, რომელიც გიორგი ჭანტურიას უკავშირდებოდა, თუმცა ისიც მოგვარდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ვაისს თავისი სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია. 52 წლის სპეციალისტს აქვს იმის უნარი, რომ ფეხბურთელები დამუხტოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი და მისი სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს გუნდში კარგი ატმოსფეროა.
საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას ბურთის ფლობაში აჯობა (56%-44%), ხოლო უელსთან ეს კომპონენტი თანაბარი იყო (50%-50%). “ჯვაროსნებმა” ბოლო ორ მატჩში 766 ზუსტი პასი გააკეთეს, როცა ირლანდიამ და უელსმა ერთად ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ 592 ზუსტი გადაცემის გაკეთება შეძლეს. აღსანიშნავია, ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გოლის გატანა მაინც გვიჭირს. რამდენიმე დღის წინ ვაისმა ამ პრობლემას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მის გამოსწორებას შეეცდებიან.
სახლში თამაშისა და გულშემატკივრების ფაქტორი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია შეტევა, ზედიზედ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება და ბოლომდე ბრძოლა. უელსთან მატჩის შემდეგ ბევრისგან მოისმენდით, რომ მოლდოვასთან სტადიონი უნდა გავავსოთ. ბევრს აქვს იმის მოლოდინი, რომ 12 ნოემბერს მეტოქეს დავამარცხებთ, მუხტიც შესამჩნევია და დიდი ალბათობით, “დინამო არენაზე” ანშლაგი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში ყველა გუნდისათვის მცირე უპირატესობა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.
ქართველი ფეხბურთელები
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე დაგვაკლდება, მას ტრავმა აწუხებს, რის გამო დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. ჯანო საქართველოს ნაკრებისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. საინტერესოა, როგორ მოვახერხებთ მის შეცვლას.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებს, სათამაშო პრაქტიკის არქონა კვლავაც პრობლემაა. თუმცა, ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში დაიწყო კაპიტანმა, ჯაბა კანკვამ. დიდი ალბათობით, 12-ში ის გვილიასთან ერთად ცენტრში დუეტს შექმნის. კარგ ფორმაშია გიორგი ჭანტურია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვს” გაუტანა. უელსთან ვერგამოყენებული ძალიან რეალური საგოლე მომენტის შემდეგ, ლევან მჭედლიძე მოლდოველთა კარის დალაშქვრას შეეცდება. ურიგოდ არ გამოიყურება თორნიკე ოქრიაშვილი. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ თამაშობს კლუბში, ის ნაკრებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. უნდა გამოვარჩიოთ ვაკო გვილია, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში ცენტრში ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა, მან გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია დაიმსახურა.
მოკლედ, ქართველი ფეხბურთელები ამ შეხვედრას ძალიან მოტივირებულები ხვდებიან – ისინი მხოლოდ სამ ქულაზე ფიქრობენ.
მოლდოვის ნაკრები სუსტი გუნდია
თუ მოლდოვის ნაკრების მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ 12-ში ძალიან სუსტ მეტოქეს ვუპირისპირდებით. მოლდოვა ბოლო 24 მატჩში 17-ჯერ დამარცხდა, ამ გუნდმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ ანდორასთან შეხვედრაში მოახერხა.
მოლდოველებს არ ეყოლებათ იტალიური “კალიარის” მცველი, არტურ იონიცე, რომელიც ტრავმირებულია. ის ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, შესაბამისად, მისი არყოფნა ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო ასუსტებს.