მოლდოველთა თავკაცი: “ფრე სამართლიანი შედეგია”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მოლდოველთა თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ აღნიშნა, რომ ფრე სამართლიანი შედეგია.
“მატჩის ყოველთვის მეორე დღეს უნდა შეაფასო. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ დაძაბული მატჩი გამოვიდა და მაყურებელმა არ მოიწყინა. ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანია, მომენტები ორივეს გვქონდა. შეხვედრის ბოლოს ის შანსი გოლად რომ გვექცია, არ იქნებოდა სამართლიანი, ვინაიდან ფრე სამართლიანი შედეგია.
სერბეთთან და ირლანდიასთან საშინაო მატჩები ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მაგრამ დავმარცხდით ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე. ასე რომ, შედეგით არ განვსაზღვრავ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ დავმარცხდით, ჩვენთვის ყველაზე რთული შეხვედრა გამოვიდა”, – აღნიშნა დობროვოლსკიმ.