უმცროსი ბორჯღალოსნები | ბრიტანული ტურნე
ვიდრე 2017 წლის 31 მაისს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში – თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს, მონაწილე 12 ელიტური ნაკრები, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები, ტურნირისთვის ემზადებიან.
როგორც მოგეხსენებათ, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიო რაგბის რანგითა და სიდიდით მეორე ტურნირია კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ. საქართველოს მსგავსი სიდიდის ტურნირისათვის ჯერ არ უმასპინძლია. აგრეთვე ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება სარაგბო ელიტის მიღმა მყოფ ქვეყანას ჯერ არ ღირსებია.
ტურნირისთვის მზადება უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წელსვე, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყეს. სამწვრთნელო შტაბმა უკვე რამდენიმა შეკრება გამართა და დღეს გამთენიისას ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრნენ.
ბრიტანული ტურნე
20 წლამდელები ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევიან და 19 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ალსთერის თანატოლთა გუნდს ბელფასტში ეთამაშებიან; მერე უმცროსი ბორჯღალოსნები შოტლანდიაში გადაინაცვლებენ და 23 ნოემბერს ედინბურგში, შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. ამ დროს შოტლანდიაში უფროსი ბორჯღალოსნებიც იქნებიან, რომლებიც ნოემბრის ტესტ-სერიის დამაგვირგვინებელი მატჩში შოტლანდიის ნაკრებს 26 ნოემბერს ქილმარნოქში ერკინებიან.
ამ ეტაპზე ვერ გიდასტურებთ მატჩების მსვლელობისას თუ გაიმართება ინტერნეტ სთრიმი, რის შესახებაც ინფორმაციის მიღებისას ყველას გაცნობებთ.
რაზმი
ამ ეტაპზე შემადგენლობა ოპტიმალური არ არის და მწვრთნელები ტრავმირებული მოთამაშეების გარდა, ფრანგული კლუბების ესპუარებიის მორაგბეებსაც მოისაკლისებენ.
ბრიტანეთში 30 მორაგბე გაემგზავრა და მათგან 5 ლეგიონერია. გურამ პაპიძე და ლუკა იურინი ფრანგულ ლიონში თამაშობენ; მეორე ხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში თამაშობს და საბა სვიმონიშვილი სამხრეთ აფრიკაში, შარქსის აკადემიაში ირიცხება; გამოძახებულებს შორის ასევეა დავით კავთიაშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და ოტავას უნივერსიტეტში თამაშობს.
“ორივე მეტოქე ძალიან ძლიერია და საინტერესო იქნება მათთან ძალების მოსინჯვა. განსაკუთრებით შოტლანდიის ნაკრებს გამოვყოფ, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მუდმივი მონაწილეა და თავადაც თბილისის ტურნირისთვის ემზადება. ამ თამაშებმა უნდა დაგვანახოს თუ სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო.
“სელექციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ტურნეზე ოპტიმალური შემადგენლობით ვერ მივდივართ. რამდენიმე მორაგბეს ტრავმა აწუხებს და რეაბილიტაციის პროცესს გადის, ხოლო რამდენიმე ფრანგულმა გუნდმა არ გაათავისუფლა. ეს არაოფიციალური ტურნეა და ამის უფლება ქონდათ. მათი ხილვა საინტერესო იქნებოდა, თუმცა არც ამით დაშავებულა რამე. მწვრთნელებს გვაქვს შანსი, რომ საქმეში სხვა კანდიდატებიც ვიხილოთ და დარწმუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას“ – განაცხადა ტურნეზე გამგზავრების წინ უმცროს ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა.
ადრეც ითქვა, რომ წელს ივნისში, მანჩესტერში ნათამაშები გუნდიდან, მოთამაშეთა დაახლოებით 40 პროცენტს თბილისშიც ექნებოდა თამაშის შესაძლებლობა. მეორე ნაწილს 20-წლამდელთა ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს და ახლა უფროს ასაკობრივ ჯგუფში დაწინაურდნენ:
“მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიჭების შერწყმა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეთამაშება მოხდეს. ისინი უნდა გამოვცადოთ ძლიერი წნეხის ქვეშ, რისი საშუალებაც ბრიტანულ ტურნეზე გვექნება. დავინახავთ, თუ რამდენად შეძლებენ დასახული ამოცანის შესრულებას“ ასევე განაცხადა ამონაშვილმა.
მენტალური შეკრება
ტრადიციულად, 20-წლამდელებმა მზადების პირველ ეტაპზე მენტალური გამძლეობის შეკრება გაიარეს, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ზედიზედ მესამე წელია რაც ვაზიანის სამწვრთნელ ბაზაზე მართავს:
“წინა წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მსგავსი შეკრება ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მენტალურ შეკრებას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. მათ გადალახეს სირთულეები და დარწმუნდნენ, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, მას შემდეგაც კი, როდესაც ფიქრობ, რომ აღარაფრის ძალა აღარ შეგრჩა. ეს გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება“ დასძინა ამონაშილმა.
20 წლამდელების რაზმი | ბრიტანული ტურნე (14-24 ნოემბერი)
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), პეტრე ჯინჭარაძე (აია), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), რევაზ დუგლაძე (ლელო), გურამ პაპიძე (ლიონი), ვანო გელაშვილი (პატარძეული);
მეორე ხაზი: კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი), ბექა საღინაძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო);
მესამე ხაზი: ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), სანდრო მამამთავრიშვილი (არმაზი), თორღვა ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ნუცუბიძე (აია), არსენ მაჩალაძე (აია);
9-10: გელა აფრასიძე (ლელო), სანდრო ნახუცრიშვილი (არმია), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), თედო აბჟანდაძე (აია);
ხაზი: ბექა გავაშელიშვილი (ლელო), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლუკა იურინი (ლიონი), აკა ტაბუცაძე (ლელო), დავით მესხი (არმია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია), დავით კავთიაშვილი (ოტავას უნივერსიტეტი, კანადა), ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია).
მთავარი მწვრთნელი – ილია მაისურაძე
მწვრთნელები – ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია
მაწრთობი – გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
ვიდეო ანალიტიკოსი – სანდრო ჭეიშვილი
ექიმი – ირაკლი შაორშაძე, ლაშა ჭელიძე
მენეჯერი – ოთარ იაშვილი
Rugby.GE