საპლეიოფო თარიღები დამტკიცებულია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და ასაკობრივი (U19, U17, U15) ლიგების საპლეიოფო თარიღები დაამტკიცა.
2016 წლის უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება ფინალურ მატჩებში, რომელშიც ერთმანეთს წითელი და თეთრი ჯგუფების პირველადგილოსნები შეხვდებიან. მატჩები 3 და 11 დეკემბერს ჩატარდება. ორივე ჯგუფის მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ორ ნახევარფინალურ მატჩში – 30 ნოემბერს და 4 დეკემბერს – გაარკვევენ ბრინჯაოს მცირე ფინალის მონაწილეებს, რომლებიც საპრიზო ადგილს ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაითამაშებენ. ეს შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე 10 დეკემბერს გაიმართება.
პლეი აუტში ორივე ჯგუფის მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები დაწყვილდებიან. შეხვედრები შინ და სტუმრად პრინციპით 1 და 6 დეკემბერს ჩატარდება. დამარცხებული ორი კლუბი, ორივე ჯგუფის მეშვიდეადგილოსნებთან ერთად მომავალი სეზონიდან რანგით დაბალ ლიგაში ითამაშებენ. პირველი ლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის ორი მატჩი 28 ნოემბერს და 2 დეკემბერს ჩატარდება. მეორე ეტაპზე კი გუნდები ერთმანეთს 5 და 9 დეკემბერს შეხვდებიან.
ასაკობრივი ჩემპიონატების საპლეიოფო განრიგი ასეთია:
19-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ჩემპიონის ვინაობა 9 დეკემბერს გამოვლინდება.
17-წლამდელთა შორის მეოთხედფინალური ეტაპი 25 ნოემბერს შედგება, ნახევარფინალი 29 ნოემბერს, ხოლო 4 დეკემბერს გუნდები ერთმანეთს უძლიერესის გამოსავლენად დაუპირისპირდებიან.
15-წლამდელთა შორის მეოთხედფინალი 25 ნოემბერს გაიმართება, ნახევარფინალურ შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 დეკემბერს ფინალი შედგება.