საქართველოს ნაკრებმა სამოა დაამარცხა
19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში სამოას უმასპინძლა.
მატჩის მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრები საჯარიმო ლელოთი დაწინაურდა, გარდასახვა კი კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა. დაახლოებით ორ წუთში სამოელებმა საჯარიმო გაიტანეს – 7:3.
22-ე წუთზე სამოელთა მე-12 ნომერმა საქართველოს ჩათვლის ხაზში ლელო გაიტანა, სტუმრებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს – 7:10.
დაახლოებით ათ წუთში ბექა ბიწაძემ ლელო დადო და საქართველო ისევ დაწინაურდა, გარდასახვა „მეკომ“ ზუსტად შეასრულა – 14:10. პირველი ნახევრის მიწურულს კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა და „ბორჯღალოსნები“ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში სამოელებმა საჯარიმო დარტყმა გამოიყენეს. დაახლოებით ხუთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანეს. 62-ე წუთზე სტუმრებს ერთი ზუსტი საჯარიმოთი კვირიკაშვილმა უპასუხა – 20:16.
შეხვედრის ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრები, ძირითადად, თავს იცავდა. საბოლოოდ მატჩი მილტონ ჰეიგის გუნდის გამარჯვებით 20:16 დასრულდა.