“ატლეტიკოს” ფანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხისთვის უეფასა და კლატენბურგს უჩივის
მადრიდის “ატლეტიკოს” ქომაგი ხოსე ანტონიო კამპონი უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალურ მატჩში მარცხს ვერ ივიწყებს. მეტიც, გულშემატკივარი თვლის, რომ სერხიო რამოსმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და შეხვედრის მთავარი არბიტრის, მარკ კლატენბურგის გადაწყვეტილებამ თამაშის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
“ამ გოლმა მატჩში კონკურენცია შეცვალა, ორიდან ერთ-ერთ გუნდს უპირატესობა მიანიჭა. კინოთეატრში თუ ფილმის ხმა არ ისმის, ბილეთში გადახდილ თანხას უკან გიბრუნებენ. აქაც ანალოგიური ვითარებაა. არსებობს ნორმები, რომლებიც დაირღვა. ეს არის საქმისადმი გულგრილობა და როდესაც ცდები, შედეგზე პასუხს აგებ. სწორედ ამიტომ შევიტანეთ საჩივარი დამსაქმებლის (უეფა) და დასაქმებულის (კლატენბურგი) წინააღმდეგ”, – ციტირებს გულშემატკივრის ადვოკატის სიტყვებს ESPN.
ხოსე ანტონიო კამპონი ბილეთში გადახდილი 160 ევროს დაბრუნებასა და მორალური კომპენსაციის სახით 1500 ევროს მოითხოვს.
“ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა არის სრულიად გონივრული. თუ ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდება, ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება, მოტყუებისთვის პრეტენზია გამოხატოს”, – დაამატა ადვოკატმა.