უკრაინელმა და თურქმა ფანებმა მატჩამდეც და მატჩის შემდეგაც იჩხუბეს (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და “ბეშიქთაშს” შორის გამართული მატჩის (6:0) შემდეგ გუნდის ფანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა.
უკრაინული პრესის ცნობით, “დინამოს” ფანებმა სხვა უკრაინელ ულტრასებთან ერთად ასამდე თურქი ქომაგი სცემეს. “ბეშიქთაშის” 15 გულშემატკივარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფანებს შორის ჩხუბი შეხვედრამდე ერთი დღით ადრეც მოხდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთ თურქ გულშემატკივარს თითი მოსტეხეს. მატჩის დღეს “ბეშიქთაშის” ქომაგებმა კიევის ცენტრში “დინამოს” გერბი ფეხით გათელეს.
ფანებს შორის დაძაბული ვითარება უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც შეიმჩნეოდა: უკრაინელებმა სტადიონზე თურქეთის დროშა და “ბეშიქთაშის” ატრიბუტიკა დაწვეს. თავის მხრივ, თურქები უკრაინელი ქომაგების მისამართით მაშხალებსა და სკამებს ისროდნენ. სტადიონზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი.
ამ ინციდენტების გამო უეფასგან ორივე გუნდს სანქცია ემუქრება.