გია ცეცაძე: “ამ წარმატებაში გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა”
საქართველის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონის გადამწყვეტი მატჩი “დინამო არენაზე” შედგა, სადაც საჩხერის “ჩიხურასა” და “სამტრედიას” შორის საჩემპიონო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მეორე მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 4:2) და “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჩემპიონი გუნდის თავკაცი გია ცეცაძე წარსდგა.
“ორი მატჩის ჯამში ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის, ჩემი ბევრი ფეხბურთელისთვის, გუნდისთვის პირველი საჩემპიონო ტიტული იყო და განსაკუთრებული ემოცია მაქვს, რომლის გამოხატვაც მიჭირს. შარშანდელთან შედარებით ნაბიჯი წინ გადავდგით. შეკრებები უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით, როდის დაიწყება ჩემპიონატი. ამიტომ, ჯერ მოსამზადებელი ეტაპის გეგმა არ არის. ჩემპიონატის დაწყების თარიღის დანიშვნის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს დავგეგმავთ. შედეგი განაპირობა პირველმა თამაშმა. განსაკუთრებით პირველი მატჩის პირველმა ტაიმმა აჩვენა ჩვენი გუნდის სტრატეგია ამ დაპირისპირებაში. ეს გამარჯვება მთლიანმა გუნდმა მოიტანა. გუნდში ერთიანობა იგრძნობა. ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ პენალტი არაბულს დაუთმო. ესეც აჩვენებს იმას, რაოდენ დიდი ერთიანობაა გუნდში. თითქმის ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. რაც უფრო დიდია კონკურენცია გუნდში, მით უკეთესი. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება. გუნდი მხოლოდ 11 კაცი არ არის. ვინც შესანარჩუნებელია, ვეცდებით, რომ ის ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. 2015 წლის ზაფხულში შეიქმნა ეს გუნდი და მიზანმიმართულად დავიწყეთ მუშაობა, პროგრესი ყველა ფეხბურთელს ეტყობა. სამტრედიაში არ იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ამიტომ, კარგი გაგებით, ცარიელი ადგილიდან დავიწყეთ მუშაობა. ამ გუნდის წარმატებაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ცეცაძემ.