ჯონჯო შელვი რასისტული გამოხტომისთვის დასაჯეს
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-8 ტურში “ნიუკასლ იუნაიტედსა” და “ვულვერჰემპტონს” შორის გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას “კაჭკაჭთა” 24 წლის ნახევარმცველმა ჯონჯო შელვიმ მეტოქე გუნდის მაროკოელი ფეხბურთელის, რომან საისის მიმართ რასისტული, ეთნიკური და ეროვნული დისკრიმინაციის შემცველი ფრაზა გამოიყენა.
თავად რომან საისი ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, თუმცა ფაქტის შესახებ მთავარ არბირტს მისმა თანაგუნდელებმა მატჩის შემდეგ უამბეს. ინგლისელი შუახაზელი მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას არ აღიარებდა, მაგრამ დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ იგი დამნაშავედ სცნო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჯონჯო შელვი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ჯარიმის სახით 100 ათასი ფუნტიც დააკისრა. გარდა ამისა, “ნიუკასლის” მოთამაშეს ფეხბურთის ასოციაციის საგანმანათლებლო კურსის გავლაც მოუწევს.