ადრიანო “ჯუზეპე მეაცაზე” დაბრუნდა (ვიდეო)
მილანის “ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო “ჯუზეპე მეაცაზე” დაბრუნდა და იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში “ნერაძურისა” და რომის “ლაციოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეხვედრის დაწყებამდე ბრაზილიელი ფეხბურთელი სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას მიესალმა. “ინტერის” ტიფოზები გუნდის ყოფილ ვარსკვლავს გულთბილად შეხვდნენ.
მილანურ კლუბს აქვს პროგრამა, რომელიც გუნდის ყოფილ ფეხბურთელებთან კავშირის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი “ინტერის” ყოფილი მეკარე ფრანჩესკო ტოლდო გახლავთ, რომელმაც ადრიანოს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ადრიანო “ინტერის” ღირსებას 2004-დან 2009 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა ფორვარდმა 103 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ადრიანო სწორედ “ინტერში” თამაშის პერიოდში იყო კარიერის პიკზე.