ტარიელ ხეჩიკაშვილი: “2016 წელი ქართული სპორტისთვის წარმატებული გამოდგა”
2016 წელს შარშანდელთან შედარებით 174 მედლით მეტი მოვიპოვეთ. წელს ჩვენს ანგარიშზეა 844 მედალი, მათ შორის 7 ოლიმპიურია. 2013-დან 2016 წლამდე სპორტში ჩართულობა 300%-ით გაიზარდა და 33 000-დან 110 000-ს მიაღწია – განაცხადა სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა „წლის სპორტსმენი 2016″-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.
გასული წელი სპორტული საზოგადოებისთვის წარმატებული და საინტერესო მოვლენებით დატვირთული იყო. ახლა ამ დარბაზში ჩვენს გვერდით ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ქართველი ოლიმპიელები არიან – მეგობრებო, თქვენ დაუვიწყარი და ემოციური წუთები აჩუქეთ მთელ საზოგადოებას. მე ვარ ამაყი და ბედნიერი იმით, რომ ასეთი წუთების თანამონაწილე გახლდით. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წელს 7 მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა. გვყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზიორი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად საქართველომ მოიპოვა ოქრო პარალიმპიურ თამაშებზე და ამით ზვიად გოგოჭური ისტორიაში შევიდა!
წლევანდელი სეზონი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყო. სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წლის მონაცემებით მოიპოვეს 844 მედალი, მათ შორის 291 ოქრო, 250 ვერცხლი და 303 ბრინჯაო. წელს თითქმის 200 მედლით გაუმჯებესდა შარშანდელი მაჩვენებლი. ვფიქრობ შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, მორაგბმეებმა კი მეცხრედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.
საქართველომ მიმდინარე წელს უმასპინძლა 50-მდე საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს. აღნიშნულ ღონისძიებებში ჯამში მონაწილეობდა დაახლოებით 10 ათასამდე სპორტსმენი და 2 ათასამდე ოფიციალური პირი.
ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტში, სპორტი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასათვის. ამ მიზნით სამინისტრომ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ შევიმუშავეთ სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიანი მოდელი, სამინისტროს მფლობელობაში გადმოვიდა ახლად აშენებული სპორტული ობიექტები; სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობით წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება რამდენიმე სპორტულმა აკადემიამ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2013-დან 2016 წლამდე სპორტში ჩართულობა 300%-ით გაიზარდა და 33 000-დან 110 000-ს მიაღწია. ეს ციფრი დღითიდღე მზარდია, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით დავიწყეთ უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
წელს ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის მოწესრიგების კუთხით – შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ”, რაც მომავალში გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად.
მოწესრიგდა სპორტის სახელმწიფო მართვის სისტემა – სამინისტროს მიერ 2016 წელს დაინერგა და წარმატებით განხორციელდა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების ევროპული მოდელი.
რაც შეეხება მომავალ წელს. 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში ახალგაზრდებს შორის, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ხელბურთში, ასევე 19 წლამდელებში, ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს ფარიკაობაში, მსოფლიო თასს ჭადრაკში, თბილისი მეოთხედ უმაპინძლებს გრან-პრის ძიუდოში და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ტურნირს.
წელს ოლიმპიურ კომიტეტსა და რამდენიმე ფედერაციაში ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, ჩატარდა სამართლიანად. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ამ არჩევანის თავისუფლებაა ჩვენი, მთელი სპორტული საზოგადოების მთავარი მონაპოვარი. მე თითოეულ მათგანს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ წარმატებული ნაბიჯების გადადგმას ქართული სპორტის აღორძინებისთვის.
ჩვენ, ყველა ერთად ვიწყებთ ახალ ოლიმპიური ციკლს, ჩვენ ყველამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გავწიოთ დიდი სამუშაო იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ ყველამ ერთად კვლავ ვიზეიმოთ დიდი წარმატება!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას!
სამინისტროს პრესსამსახური