კონტეს “ჩელსიში” ალექს სანდრუს წაყვანა სურს
“კალჩო მერკატოს” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის გაძლიერება ალექს სანდრუთი სურს, რომელიც დღესდღეობით ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ხაზს ამაგრებს. იტალიელმა სპეციალისტმა “ბებერი სინიორას” თავკაცობის პერიოდში ბრაზილიელ მცველთან მუშაობა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ ალექს სანდრუ “იუვენტუსში” 2015 წლის აგვისტოში “პორტუდან” 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 25 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ტურინულ კლუბს შორის გაფორმებული მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ალექს სანდრუმ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსი” ბრაზილიელი მცველის ტრანსფერისთვის საჭირო თანხას ოსკარის გაყიდვით მიღებული შემოსავლით დაფარავს.