გურამ კაშია: “რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?”
არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო დროს, მისი “ვიტესიდან” წასვლის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.
კაშიას თქმით, ის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვაზე მართლაც ფიქრობს, თუმცა არნემელთა დატოვებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს.
“არ მომწონს, როცა ვკითხულობ იმას, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ვმართავ. მე ისევ “ვიტესში” ვარ. რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?” – Omroep Gelderland-ს.
როგორც ესპანურ გამოცემებში დაიწერა, ქართველი მცველის გადაბირება “ბეტისს” სურს. ასევე, გაიჟღერა “გრანადასა” და ყაზახური “ქაირათის” ვარიანტებმაც.
“ახალ კლუბს არ ვეძებ, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურს. იმ ჩემპიონატში თამაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ გამოდიან, ყველას ოცნებაა”, – განაცხადა კაშიამ.