9 შეკითხვა ჟოზე მოურინიოს – ინტერვიუ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთნ
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც გამორჩეულ ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, პორტუგალიასა და ვიდეო რეფერიზე ისაუბრა.
– ორშაბათს, 9 ანვარს ფიფა საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებს. თქვენ რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელებს?
– სიმართლე გითხრათ, ინდივიდუალური პრიზების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. ფეხბურთი გუნდური სპორტია. შეხვედრას გუნდი იგებს, ფეხბურთელი კი გუნდივით მნიშვნელოვანი არ არის. მედიასა და ფანებს ეს მოსწონთ, მაგრამ მწვრთნელებს – არა. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებსა და იმას შორის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, გარკვეული წინააღმდეგობებია. ცხადია, არსებობენ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თანაგუნდელებს პროგრესში ხელს უწყობენ. მათ თამაშზე დიდი ზეგავლენა აქვთ.
– 2010 წელს ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ისტორიას დარჩება. თუმცა, ისევ ვიმეორებ: ჩემი გუნდის წევრი ვარ და ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნოდა. ის მოურინიოს სეზონი არ ყოფილა, ის მთლიანად “ინტერის” სეზონი იყო.
– 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისათვის კლაუდიო რანიერი, ფერნანდო სანტუში და ზინედინ ზიდანი იბრძოდნენ. რომელს აირჩევდით ამ სამი კანდიდატიდან და რატომ?
– ვფიქრობ, ამ ჯილდოს სამივე მათგანი იმსახურებს, რადგან მათ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგეს. ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, ფერნანდო სანტუშმა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რანიერი კი “ლესტერთან” ერთად პრემიერ ლიგის გამარჯებული გახდა. მე სამივე კანდიდატთან ვმეგობრობ, ამიტომ ნებისმიერის წარმატება გამიხარდება.
– პირველად ისტორიაში, გულშემატკივართა ხმების წილი საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის არჩევისას 25 პროცენტი იქნება. რამდენად მნიშნველოვანია ასეთ სიტუაციებში ფანების ჩართვა?
– ფანები ძალიან მნიშნველოვანი ნაწილია. ვიტყოდი, რომ სწორედ ფანები ხდიან ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტის სახეობად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გულშემატკივარი გამოკითხვაში ერთვება, ის ხმას თავისი საყვარელი კლუბის ფეხბურთელს აძლევს, ასეთ დროს, გრანდებს უპირატესობა აქვთ.
– დღევანდელი ფეხბურთი რომ 21-ე საუკუნის დასაწყისისას შევადაროთ, რომელია ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც მოხდა?
– სხვადასხვა პერიოდების, ფეხბურთელებისა და თაობების შედარება რთულია. ეს უსამართლოც კი იქნება. ცხადია, დღეს განსხვავებული სიტუაციაა. დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრფია. ყველაფერი შეიცვალა, ვარჯიშები მეცნიერულ დონემდე მივიდა. მე ევოლუციის თანამონაწილე ვარ, მაგრამ წარსულს პატივს ვცემ.
– რა არის ინგლისური გუნდებისა და იქ მოთამაშე ფეხბურთელების მთავარი მახასიათებელი?
– ინგლისური ფეხბურთის მთავარი მახასიათებელი ჟინია. იქ ფეხბურთი მთელ ქვეყანას უყვარს. ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან.
– პორტუგალია, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ ათ მილიონს შეადგენს, ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელი ფეხბურთელები და მწვრთნელები მთელ მსოფლიოში გამორჩეულები არიან. რით ახსნით ამას?
– ეუსებიო, ლუის ფიგუ, კრიშტიანო რონალდუ და მე ყველაზე პრესტიჟული ტურნირების გამარჯვებულები ვართ. “ბენფიკამ” და “პორტუმ” ევროთასებზე წარმატებას მიაღიწეს, პორტუგალიის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონია. პატარა ქვეყნისათვის ამხელა წარმატება შესანიშნავია. მონდომება ჩვენი წარმატების საიდუმლოა.
– დაჯილდოების ცერემონიალზე მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებიც დასახელდება. საუკეთესოებს 25 000 პროფესიონალი ფეხბურთელი ირჩევს. თქვენი სამწვრთნელო კარიერის თერთმეტეულს რომ ადგენდეთ, რომელ ფეხბურთელებს ვიხილავდით გუნდში?
– მსგავს კითხვას ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებ. ისეთ ფეხბურთელებთან მიმუშავია, რომლებიც გუნდისათვის ბოლომდე იხარჯებოდნენ, ამიტომ რამდენიმე დავასახელო და სხვები დავივიწყო? ვიტორ ბაია, პეტრ ჩეხი, ჟულიო სეზარი… რომელი ერთი ავირჩიო? ჟორჟე კოშტა, რიკარდო კარვალიო, მარკო მატერაცი, ლუსიო, უოლტერ მაცარი, ჯონ ტერი… რომელი გამოვყო? მაიკლ ესიენი, უესლი სნეიდერი, ნემანია მატიჩი, კოშტინია, მანიშე, ჩაბი ალონსო, ფრენკ ლამპარდი… ვფიქრობ, ამ კითხვას არასოდეს ვუპასუხებ, რადგან ჩემი თანამებრძოლები არ მავიწყდება.
– როგორია თქვენი აზრი ვიდეო რეფერიზე?
– ჩვენ ეს გვჭირდებოდა. სპონსორებმა, კლუბების მეპატრონეებმა და ინვესტორებმა უნდა იგრძნონ, რომ ტექნოლოგია მათ გვერდითაა. ასევე, მსაჯებს დაზღვევა სჭირდებათ, რის საშუალებასაც ვიდეო რეფერი იძლევა.