დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (7 იანვარი)
“ვესტ ბრომი” კარვალიოს სანაცვლოდ 26 მილიონს იხდის
“ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელებმა პორტუგალიურ “სპორტინგს” უილიამ კარვალიოს სანაცვლოდ 26 მილიონი ფუნტი შესთავაზეს. თუმცა, პორტუგალიელებმა აღნიშნული ტრანსფერი დაბლოკეს. ტონი პულისი კი დიდი ალბათობით, მორგან შნეიდერლინზე გადაერთვება. (The Sun)
“პარის სენ-ჟერმენმა” ჩიჩარიტოს დაუმიზნა
“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა მიზანში “ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელი ფორვარდი, ჰავიერ ერნანდესი ამოიღეს. საფრანგეთის ჩემპიონები მზად არიან, 25 მილიონ ევროდ შეფასებული მექსიკელის ტრანსფერი ზამთარშივე განახორციელონ. (Le Parisien)
“სიტის” შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
As-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, “სიტის” უფროსებმა კლუბის დატოვების უფლება შვიდ ფეხბურთელს მისცეს: იაია ტურეს, ხესუს ნავასს, ვილი კაბალიეროს, გაელ კლიშის, ბაქარი სანიას, პაბლო საბალეტასა და ალექსანდერ კოლაროვს. (AS)
ჩინელები ალის კვირაში 1 მილიონ დოლარს სთავაზობენ
ჩინელი ბიზნესმენები გაჩერებას არ აპირებენ. მათი მომდევნო ახირება “ტოტენჰემის” ინგლისელი ნახევარმცველის, დელე ალის გადაბირება გახლავთ. ESPN-ის ცნობით, ჩინელები ალის კვირაში 1 მილიონ ამერიკულ დოლარს სთავაზობენ – მისი წლიური ხელფასი 52 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. (ESPN)
მოურინიო ევრას მწვრთნელის როლს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო პატრის ევრას “მანჩესტერ იუნაიტედში” ეპატიჟება. ოღონდ არა როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც დამხმარე მწვრთნელს. ასე რომ, ევრას არჩევანის გაკეთება მოუწევს – ან ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება “ვესტ ჰემში”, ან ჟოზესთან თანამშრომლობის წამოწყება. (The Sun)
“რომამ” ფეგულის დაუმიზნა
ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “რომაელები” “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფორვარდის, სოფიანე ფეგულის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი – “ფეგულის გარშემო არსებულ მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ, ეს სიმართლეა. თქვენ ამას მაინც წერთ, ასე რომ, უარყოფას აზრი არ აქვს. სხვა ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი.” (La Gazzeta dello Sport)