თუ მილნერი იტანს, მისი გუნდი მატჩს არ აგებს
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერლიგაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა.
როცა მილნერი პრემიერლიგის შეხვედრაში გოლის გატანას ახერხებს, მისი გუნდი მატჩს არ აგებს. ინგლისელ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატის 46 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი და ყველა შემთხვევაში მისმა გუნდმა მოედანი დაუმარცხებლად დატოვა. კერძოდ, 37-ჯერ მილნერის გუნდმა იმარჯვა, დანარჩენ 9 შემთხვევაში კი მატჩი ფრედ დაასრულა. ჯეიმს მილნერს პრემიერლიგაში გოლები “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტის”, “ნიუკასლ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” ფორმით გაუტანია.
თავის დროზე ანალოგიური მიღწევა ჰქონდა დარიუს ვასელს, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” და “ასტონ ვილაში” გამოდიოდა. მან კარიერა 2012 წელს დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში გოლი “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა. ეს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.