დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 იანვარი)
ჩინელები დანი ალვეშს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობენ
ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა კარიერა შესაძლოა, ჩინეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება, 33 წლის მცველის გადაბირებით სამი ჩინური გუნდია დაინტერესებული.
France Football-ის ცნობით, სამივე გუნდი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”, “შანხაი ტელეისი” და “ტიანძინი”) მზადაა, მას წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
“ჩელსის” ფეხბურთელები გუნდში ჰარტის მოყვანას ითხოვენ
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” წამყვანმა ფეხბურთელებმა გუნდის თავკაცს, ანტონიო კონტეს ჯო ჰარტის გადაბირება და ინგლისელი მეკარით ტიბო კურტუას ჩანაცვლება მოსთხოვეს.
როგორც იცით, “არისტოკრატთა” ბელგიელი მეკარე მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული და საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ზაფხულში მან “სტემფორდ ბრიჯი” დატოვოს.
რონალდინიო პროფესიონალურ ფეხბურთში ბრუნდება
როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიური და არა მარტო ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო დიდ ავიაციაში ბრუნდება. ESPN Brazil-ის ცნობით, “ბარსას” ექს-ფორვარდი “კორიტიბაში” გააგრძელებს კარიერას.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, ბრაზილიური “კორიტიბა” მას კვირაში 22 000-იან ხელფასსა და დაცვას ჰპირდება, რაზეც უარი თქმა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო.
“ინტერი” პერიშიჩის სანჩესში გაცვლას აპირებს
მილანური “ინტერის” ხელმძღვანელებმა მიზნად ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, CalcioMercato გვაწვდის.
როგორც ცნობილი ხდება, საჭიროების შემთხვევაში, “ნერაძურის” მმართველები მზად არიან, ტრანსფერში პერიშიჩიც ჩართონ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.
დატოვებს თუ არა ზამთარში მჭედლიზე “ემპოლის” რიგებს?
– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?
– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ. (ნაწყვეტი ინტერვიუდან)
“პალასი” ვან ანჰოლტის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის
პატრიკ ვან ანჰოლტი “კრისტალ პალასში” გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. როგორც ცნობილი ხდება, “არწივთა” ბოსი, სემ ალარდაისი თანახმაა მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
The Telegraph-ის ცნობით, ვან ანჰოლტს, რომელსაც სემ ალარდაისის მხარდამხარ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, პაპა სუარეს შემცვლელად მოისაზრებენ.