ვაისი: “გუნდის მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესი შედეგის ჩვენება შეიძლებოდა”
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წლის სადებიუტო მატჩი დუბაიში ჩაატარა, სადაც უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.
“სასარგებლო თამაში იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ დონეზე, ასეთ მოწინააღმდეგესთან პირველად თამაშობდნენ. თუმცა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან უპირატესობა მარტივი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით ხელიდან. თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა, გვქონდა მომენტები, მაგრამ კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ და რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებდა. მაგალითად, პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტი იყო. აღსანიშნავია, რომ თანაბარი თამაში ჩავატარეთ კარგ მოწინააღმდეგესთან. უზბეკეთის ნაკრები სანახევროდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინ მეორე მატჩია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთითა და ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო”, – განაცხადა ვაისმა.