ვლადიმირ ვაისი: “წაგებით არა, მაგრამ შეკრებით კმაყოფილი ვარ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბაიში დასრულებული შეკრება შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ქართველმა ფეხბურთელებმა უზბეკებთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, იორდანელებთან კი 0:1 დამარცხდნენ.
“ჩვენ დუბაიში ჩამოვედით იმისთვის, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი. ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.
ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა”, – განაცხადა ვაისმა.