ვაზისუბანში რაგბის ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, 120X75 კვ/მეტრზე რაგბის ახალი სავარჯიშო მოედნის მშენებლობა დაიწყო. მოედანი მრავალფუნქციური იქნება და მორაგბეებთან ერთად ვარჯიშის და თამაშის საშუალება ფეხბურთელებსაც მიეცემათ.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
სამშენებლო სამუშაოები ივლისში დასრულდება და მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საბა კონსტრაქშენი” განახორციელებს. სავარჯიშო მოედნის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდან 1 716 440 ათასი ლარი გამოიყო.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ” მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის აღმშენებლობა გრძელდება. ეს პროცესი მოიცავს თბილისს და მთელ საქართველოს. ქალაქის მერიამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა. ეს იქნება მულტიფუნქციური მოედანი, რომლითაც როგორც მორაგბეები ისე ფეხბურთელები ისარგებლებენ. ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება სპორტს ეზიარონ და შემდეგ საქართველო საერთაშორისო სარბიელზე ასახელონ”.
დავით ნარმანია: ” საინტერესო, მრავალფუნქციური მოედნის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ამ უბანს გამოაცოცხლებს და სპორტული ცხოვრება სულ სხვა ეტაპზე გადავა. აღნიშნულ პროექტს წლეულსვე დავასრულებთ. სათანადო ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შევქმნით, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს”.
ირაკლი აბუსერიძე: “ამ უბნისთვის ბევრი მიმართულებით გვიწევს პრობლემების გადაჭრა, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ეს მოედანი კი ამ თვალსაზირისით დიდ დახმარებას გაგვიწევს”.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური