აჭარაში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება (ვიდეო)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს უმასპინძლა. კოლეგამ ტარიელ ხეჩიკაშვილს აჭარაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, საუბარი შეეხო პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას, აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო და შიდა ტურნირებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ასევე აჭარის სპორტის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “გავეცანით იმ პროექტებს, რომლის განხორცილებასაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აპირებს. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და შესაძლებელს გახდის არაერთი საერთასორისო ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობას. სასიხარულოა, რომ სპორტული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ცხადია, ჩვენ აჭარელ კოლეგებს გამოცდილებას გავუზიარებთ და ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ”.
ინგა შამილიშვილი: “გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილთან. გავაცანით სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი. ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმეთ და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ კოორდინირებულად მუშაობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას, მასობრიობის გაზრდას უზრუნველყოფს. შევძლებთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას, ეს კი თავის მხრივ ტურიზმის განვითარებას დაეხმარება”.
სამინისტროს პრესსამსახური