ფილიპე ლუისი: “ბარსელონასთან” “ქამბექი” რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი”
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვერდაში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო და შეხვედრა, ანგარიშით, 1-2 დათმო.
განმეორებითი მატჩის (თბილისის დროით, 8 თებერვალს, 00:00 საათზე) წინ ჟურნალისტებთან დედაქალაქელთა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ისაუბრა.
“”ბარსელონასთან” “ქამბექი” რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. “კამპ ნოუზე” თამაში იმ ტემპით უნდა დავიწყოთ, რა ტემპითაც “კალდერონზე” დავასრულეთ. ძალიან დიდი შემართება, შეუპოვრობა და რისკიანობა უნდა გამოვავლინოთ, არაფერს მოვერიდოთ და ყველა მომენტში თავი არ დავზოგოთ. მხოლოდ ასე მივიღებთ სასურველ შედეგს.”
“იმედია, სწრაფ გოლს გავიტანთ და ასე შანსებს მალე გავიზრდით. ადვილია, კარგიდან ცუდისკენ წახვიდე, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა გაცილებით დიდ დაბრკოლებებს უკავშირდება. იმედია, ამ ბარიერს დავძლევთ. ერთიანი გუნდი ვართ, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი უდგას სათავეში. ასეთ მომენტებში ის ჩვენ თავდაჯერებულობასა და რწმენას გვმატებს,” – განაცხადა ლუისმა.