“ატლეტიკო ტუკუმანმა” მატჩზე დააგვიანა და არგენტინის ნაკრების ფორმით ითამაშა (ვიდეო)
საინტერესო რამ მოხდა ლიბერტადორესის თასის მეორე რაუნდზე ეკვადორულ “ელ ნასიონალსა” და არგენტინულ “ატლეტიკო ტუკუმანს” შორის გამართულ დაპირისპირებაში.
“ატლეტიკო ტუკუმანმა” საჰაერო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სტადიონზე მისვლა საათზე მეტით დააგვიანა. ეკვადორში არგენტინის ელჩმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ გუნდს ავტობუსით ქალაქ კიტოს ქუჩებში გადაადგილება შეფერხებების გარეშე მოეხერხებინა და არენაზე მაქსიმალურად მოკლე დროში მისულიყო. “ატლეტიკო ტუკუმანმა” საგანგებო სიტუაციების დროს ფიფასგან დაშვებული დაგვიანების პერიოდს არ გადააცილა, თუმცა ამით გუნდის პრობლემები არ ამოწურულა. თავიანთ გასახდელში “ატლეტიკო ტუკუმანის” ფეხბურთელებს არგენტინის 20 წლამდე ნაკრების ფორმები დახვდათ. ახალგაზრდა არგენტინელები იმავე ეკვადორში 20 წლამდე ფეხბურთელთა შორის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ “ატლეტიკო ტუკუმანმა” მატჩზე დააგვიანა და არც საკუთარი ფორმით ითამაშა, გუნდმა ანგარიშით 1:0 იმარჯვა (ორი მატჩის ჯამში 3:2) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.