საქართველო 31:6 ბელგია
ბორჯღალოსნებმა “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიას 4 ლელო დაუდეს და 2017 წელი ბონუსიანი გამარჯვებით დაიწყეს – 31:6.
მიუხედავად საფუძვლიანად გადახალისებული შემადგენლობისა, თოვლიან ბრიუსელში გამართულ რკენაში ბორჯღალოსნები დომინირებდნენ, შესვენებამდე გიორგი თხილაიშვილმა შეიტანა ლელო. მალევე გიორგი კოშაძემ პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე გარდასახა, მანამდე ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 17:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. ბორჯღალოსნებმა მალევე დაიბრუნეს ინიციატივა და შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო ტაიმის მიწურულს თავი ბექა გორგაძემ გამოიჩინა.
გარდასახვები კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ შეასრულეს და ჩვენმა გუნდმა “მეტოქეზე სამით მეტი” ლელოს დადებისთვის ბონუსიც ჩაიწერა.
პირველი კეპები
დღევანდელ რკენაში სამატჩო რაზმში დასახელებული ოთხივე დებიუტანტი მარქაფიდან ჩაერთო ბრძოლაში. შესაბამისად, პირველი სანაკრებო კეპები მოიხვეჭეს თორნიკე მატარაძემ, სოსო ბეკოშვილმა, გიორგი ჭყოიძემ და გიორგი ცუცქირიძემ.
ვრცელი მიმოხილვა მოგვიანებით გამოქვეყნდება >> კომისრის ოქმი
სხვა მატჩებში გერმანიამ სენსაციურად 41:38 ძლია რუმინეთი, ხოლო ესპანეთმა 16:6 დაამარცხა რუსეთი. ამდენად, საქართველო ცხრილში ერთ’პიროვნულად დაწინაურდა >> საითის ტაბლოზე
Rugby.GE