კრიშტიანუ რონალდუ “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს
მადრიდის “რეალი”, “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) სამზადისს შეუდგა.
საგულისხმოა, რომ ზიდანის განკარგულებაში დღეს არ იმყოფებოდა გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ. პრიმერა დივიზიონის გასულ მატჩში მან მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, ეს მიკროტრავმა არც ისე სახუმაროა. აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით, რონალდუმ, თანამემამულე ფაბიო კოენტრაოსთან ერთად, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.
როგორც ირკვევა, შესაძლოა, კრიშტიანუმ ხვალაც იმავე რეჟიმში ივარჯიშოს. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს მის “ნაპოლისთან” თამაშსს. ყველაფერს ოთხშაბათს აეხდება ფარდა.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მასიურით 26 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. თუმცა, მან ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ორჯერ გამოიჩინა თავი. იგი გასულ სეზონში 16 გატანილი გოლით (12 შეხვედრაში) ტურნირის ბომბარდირი გახდა.