იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.
27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.
“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”
“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”
“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.