სერხიო რამოსი: “ბედნიერი ვიქნები, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება”
მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი იმედს გამოთქვამს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “პარი სენ-ჟერმენთან” საოცრებას ვერ მოახდენს და ტურნირს გამოეთიშება. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
სერხიო რამოსს თავი ქუდში აქვს. ესპანელმა მცველმა წუხელ “ნაპოლის” კარში ორი ბურთი გაიტანა, მისმა გუნდმა კი ნეაპოლიტანელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
“უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება. თუ “ბარსა” დამარცხდება, უკეთ დამეძინება”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრას დენიზ აითექინის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.