ეროვნული ლიგის III ტური: პრევიუ
18 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს.
Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.
თბილისის “დინამო” – გორის “დილა”
დასაწყისი: 18 მარტი, 14:00
ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” ადგილობრივ “დინამოსა” და გორის “დილას” შორის გაიმართება. მასპინძლებმა წინა შეხვედრა “მიხეილ მესხზე” ჩაატარეს და “ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. კახა კაჭარავას შეგირდები ამჟამად სამი ქულით მესამე ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, გორელებმა იმავე ანგარიშით განიცადეს მარცხი. ოღონდ, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოსთან” წააგო. “დილას” ერთი ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება მუდამ პრინციპულია. საინტერესო შეხვედრას უნდა ველოდოთ.
თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 18 მარტი, 19:00
მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე “საბურთალო” “ლოკომოტივს” მიიღებს. მასპინძლებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშეს და ანგარიშით, 0:3 განადგურდნენ. ამ გუნდს 3 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციიას იკავებს. გიორგი დევდარიანის შეგირდები კი შესანიშნავად გამოიყურებიან. პირველი მატჩის მსგავსად, მათ მეორეც მოიგეს (როგორც ვახსენეთ, “დინამოსთან”) და ასპროცენტიანი შედეგითა და ექვსი ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ გათამაშებას. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა მათი წარმატებული სვლა და მოახერხებს თუ არა “საბურთალო” მეორე სამი ქულის მოპოვებას.
ბათუმის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”
დასაწყისი: 19 მარტი, 16:00
ქობულეთში, “ჩელე არენაზე” მესამე ტურის მეორე დღეს “დინამო” “სამტრედიას” მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, აჭარლებმა წინა შეხვედრა “დილასთან” სტუმრად მოიგეს და ამჟამად სამი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლები საჩხერის “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ (0:1). გია ცეცაძის შეგირდებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და მერვე ადგილს სჯერდებიან. ამ კლუბებმა ზაფხულში საქართველო ევროტურნირებზე უნდა წარადგინონ. მათი დაპირისპირება დაძაბული გამოვა.
საჩხერის “ჩიხურა” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 19 მარტი, 18:00
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შედგება. შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი “ჩიხურა” “შუქურას” შეერკინება. სოსო ფრუიძის შეგირდებს ამ სეზონში წაგება არ აქვთ. მათ წინა ტურში “სამტრედია” დაამარცხეს და მეორე ადგილზე (ოთხი ქულით) იმყოფებიან. “შუქურას” ორი ფრე და ამდენივე ქულა აქვს. აჭარლებმა წინა ტურში ქუთაისის “ტორპედო” მიიღეს და ფრე (1-1) გააგორეს. “შუქურა” მეშვიდე პოზიციაზეა.
ქუთაისის “ტორპედო” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 19 მარტი, 20:00
ტურის ბოლო მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ადგილობრივი “ტორპედო” მეგრულ “კოლხეთს” მიიღებს. როგორც უკვე ვთქვით, იმერლებმა წინა ტურში ქულები “შუქურასთან” გაიყვეს. მათ ანგარიშზე ერთი ქულა და მეცხრე ადგილია. “კოლხეთმა” “საბურთალოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამჟამად, გელა სანაიას შეგირდები სამი ქულით მეოთხე ადგილზე არიან.